Thursday, January 6, 2011
O Little Town of Bethlehem.....
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს –
უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ
საოცარი ღამეა!
დეკემბერი დააჭენებს
ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული
ქრისტე იშვა ბეთლემსა.
მერე ზეცად აღევლინე,
არ გაგიგეს მიწაზე.
ნუთუ აღარ დაბრუნდები
ცოდვილ დედამიწაზე...
ზეცად წასულს უკან მოგყვა
ლოცვა - ცრემლის დამდენი,
ქვეყნად ერთი ქრისტე დარჩი
და იუდა რამდენი...
ალბათ მისთვის გაიაფდა
ღალატი და გაცემა,
ფეხზე დგომა არის ძნელი,
ადვილია - დაცემა!
მეც დავრწმუნდი - არ გამქრალა
ქვეყნად შური, მტერობა,
მეც მომიწევს ლეონარდოს
საიდუმლო სერობა.
და წარსული სიზმრად მექცა,
მომავალი - ოცნებად
მეგობარი ვეღარ მიცნობს,
მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას სხვა, ჩემს გარდა,
სევდას ვინ დაიბედებს.
ძველი წელი ხსოვნას მართმევს,
ახალი კი - იმედებს.
ქრისტე აღდგა, ქრისტე აღდგა!
ჩემი სული ცას უხმობს,…
"ჭეშმარიტად!" - კვლავ იუდა
ნიშნისგებით მპასუხობს,
თუმცა შუბლზე სამარცხვინო
მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს შემდეგ
ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წაწყმედილი,
ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს
კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება,
ხატი - უფრო ადვილად,
ქრისტე აღდგა - ჭეშმარიტად!
ქრისტე აღდგა - ნამდვილად!
ზვიად გამსახურდია
6 იანვარი, 1992 წელი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment